ახალი ამბები
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდო გადაეცა
FaceBook
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდო - The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მიიღო.
მსოფლიო ჯილდო მუზეუმს 2024 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის გადაეცა.

The Best in Heritage – Project of Influence - კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა უკვე წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.

"European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, Creative Europe-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.

ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.

მოხალისეთა პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით მუზეუმი უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას სამუზეუმო ცხოვრებაში, რითაც ხელს უწყობს არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებასა და გაცოცხლებას",- აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ვანის მუზეუმი ნაქალაქარის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ვიზიტორებს შორის შემაკავშირებელი და დიალოგის წარმმართველია. მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტიურ მულტიდისციპლინარულ სივრცეს. ის ასევე არის სამეცნიერო შეხვედრების ადგილი რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უკვე არის ევროპის 2023 წლის მუზეუმების პრემიისა და სილეტოს პრიზის მფლობელი.

ამავე თემაზე:

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საუკეთესო ევროპული მუზეუმის ჯილდოს მფლობელი გახდა

Print