ახალი ამბები
გიორგი ოკრიბელაშვილი - არ მესმის რატომ ითხოვენ სტუდენტები თვითმმართველობის გაუქმებას
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტრანსპარანტების გაშლა და აქციის მოწყობა პრობლემებს ვერ გადაჭრის.

"აქედან გამომდინარე, დიალოგის რეჟიმი სწორ ფორმად მიმაჩნია. ამიტომ, მივესალმები სტუდენტების ცივილურ გადაწყვეტილებას" - ამბობს, გიორგი ოკრიბელაშვილი.

მან, ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამოთქმულ პრობლემებზე ისაუბრა.

"გასაგებია რომ არსებობს პრობლემები ჩვენს უნივერსიტეტშიც, რომლებიც უნდა გადაწყდეს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად შეუძლია ადმინისტრაციას ამ პრობლების აღმოფხვრა და რამდენად აკეთებს ადმინისტრაცია იმას, რაც შეუძლია"- ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

თვითმმართველობის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს რაც ევალება, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებზეც გვერდის ავლა უბრალოდ შეუძლებელია.

"მოწოდებას, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღარ არსებობდეს ან მოხდეს მისი რეფორმირება არ მივესალმები და რეფორმირებაში რას გულისხმობენ ეს კიდევ დასაზუსტებელია. ხოლო რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის არსებობა-არარსებობის საკითხს, აქ სოლიდარობას ვუცხადებ იმ მასას, რომელიც თვითმმართველობის არსებობას უჭერს მხარს. მე არ მესმის რატომ ითხოვენს სტუდენტები თვითმმართველობის გაუქმებას, იმის საუძველზე, რომ ეს არის წარმომადგენლობა. სტუდენტური თვითმმართველობა ეს არის სტუდენტური ძალა, რომელიც უნივერსიტეტში სტუდენტს ხელს უწყობს ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში. ეს მოტივი, სავარაუდოდ, არ არის პიროვნული და განპირობებულია რაღაც სხვა ფაქტორებით," - ამბობს ოკრიბელაშვილი.

ოკრიბელაშვილის თქმით,  ის სრულ მზაობას გამოხატავს,  გარკვეული შეკითხვის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტებმა მას მიმართონ.

"ნებისმიერი სტუდენტი მოვიდეს ჩემთან და ადმინისტრაციას მე ჩავაყენებ საქმის კურსში, რომ ინდივიდების პრობლემები აღმოიფხვრას" - ამბობს გიორგი ოკრიბელაშვილი.

Print