ახალი ამბები
რატომ არ ხვდება ჯანდაცვის მინისტრი მაღაროელებს - რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე ჭიათურაში 75 დღიან პროტესტზე
FaceBook

75-დღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში მიმდინარე პროცესებს "ქართული ოცნების" დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მედიის წარმომადგენლებთან  ეხმაურება.


კითხვას: თუ რატომ არ ჩავიდა მაღაროელებთან, თითქმის სამთვიანი პროტესტის განმავლობაში, მთავრობის არცერთი წარმომადგენელი, მათ შორის ჯანდაცვის და შრომის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თავს არიდებს. სარჯველაძე მხოლოდ იმას იმეორებს, რომ მედიაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მაშინ როცა ამ პროცესში თავად მაღაროელები ჩართულიც კი არ არიან და სინამდვილეში ეს რეალური  მედიაციის პროცესი არც არის. 

"პერსონალურად შეხვედრების თაობაზე თუ კითხულობთ, ეს სხვა ამბავია, მაგრამ თქვენ იცით და გაშუქდა კიდეც არაერთხელ, თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო, მათ შორის, ჩვენი სამინისტრო, მაქსიმალურად იყოს ჩართული იმ პროცესებში, რომელიც, საბოლოო ჯამი, მოუტანს შედეგს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს გარკვეული უკმაყოფილება და პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, გაცილებით უფრო ეფექტურია პროცესი, რომელიც დღეს იქ მიმდინარეობს, მათ შორის სამედიაციო მიმართულებით, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული ერთმანეთთან შეთანხმდნენ", -  "განმარტა"  მიხეილ სარჯველაძემ.

"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან თქვა ისიც, რომ "არიან ცალკეული ადამიანები, ვინც ნამდვილად მსურველია იმისა, რომ რაც შეიძლება ესკალირებული და დაძაბული იყოს იქ მდგომარეობა. ჩვენ კიდევ გვგონია, რომ პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა მოინახოს მედიაციის რესურსი".

თუმცა, მიხეილ სარჯველაძეს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ამ ცალკეულ ადამიანებში: "ახლა, ნუ მომთხოვთ გვარების დასახელებას, იმიტომ რომ შეიძლება ამას ჰქონდეს უარყოფითი კონოტაციაც",- განმარტა მან.

ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს პასუხი  თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას მოშიმშილე მაღაროელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

ჭიათურაში პროტესტის 75-ე და შიმშილობის მე-18 დღეა. საკვების მიღებაზე უარს აცხადებს 5 მაღაროელი, 2 მშრომელი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება.

მაღაროელები ჭიათურაში, ქუჩაში, უწყვეტ პროტესტში არიან, გაშლილი აქვთ კარვებიც. მშრომელების ნაწილი  კი თბილისშია წასული და აქციას მთავრობის კანცელარიასთან მართავს.

მაღაროელები 2 თვეზე მეტია, პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ჩამოსულა და პროტესტის მონაწილეებს პირადად არ დალაპარაკებია.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

მაღაროელები კი აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და კომპანიის ცალმხრივ პირობებს არ დასთანხმდებიან. ისინი იმ მშრომელების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებიც უარს ამბობენ, დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან განცხადებას, რომლის მიხედვით, მათ თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე, გარანტიებსა და კომპენსაციაზე. უფრო მეტიც, მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. მშრომელები ამბობენ, რომ უკვე იურიდიულად დაუპირისპირდებიან უკანონოდ და უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.

ამავე თემაზე:


"თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“ - მასშტაბური საპროტესტო აქცია ჭიათურაში

"დავიწყებთ იურიდიულ დავას, დავუპირისპირდებით უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას"- მაღაროელები

"მხოლოდ ბრძოლით და ერთად დგომით მივაღწევთ გამარჯვებას"- პროტესტის 69-ე და შიმშილობის მე-12 დღე ჭიათურაში

ვინ მოაწერა ხელი სოცკის გეგმას?

ჭიათურაში, პროტესტის პარალელურად, მაღაროელების მასობრივი დათხოვნა დაიწყო

Print