ახალი ამბები
"ვაჩვენოთ ერთიანობის მაგალითი"- 9 მაისს, ჭიათურაში, მასშტაბური აქცია დაანონსდა
FaceBook
ხვალ, 9 მაისს, ჭიათურის მერიის წინ, მაღაროელები მორიგ მასშაბურ აქციას გამართავენ.
აქცია, ამჯერად, უკანონოდ დაკავებული 4 მაღაროელის მხარდასაჭერად გაიმართება, ამიტომ მშრომელები მოუწოდებენ როგორც თანაქალაქელებს, ისე მთელს საქართველოში მცხოვრებლს, შემოუერთდნენ აქციას, რათა აჩვენონ ერთიანობის ძალა.

"ყველას ვთხოვ, ხვალ, დღის პირველ საათზე, მობრძანდნენ ჩვენთან როგორც ქალაქიდან ასევე სოფლებიდან, სრულიად საქართველოდან. ვაჩვენოთ ერთიანობის მაგალითი, ჩვენკენ არის სიმართლე და ჩვენკენ უნდა იყო ხალხის ძალა. აქციაზე უნდა ვისაუბროთ ძალიან ბევრი ჭიათურის გადარჩენაზე, ბიჭების გათავისუფლებაზე და ყველა იმ უკანონობაზე, რაც ხდება ამ ხნის განმავლობაში ქალაქში. ვიდრე ჩვენი ბიჭები არ გათავისუფლდებიან ციხიდან, არც კარვის აშლას ვაპირებთ და - არც დანებებას",- განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

აქციების პარალელურად, ჭიათურაში 6 მაღაროელი უკვე მე-13 დღეა, შიმშილობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, თუმცა ამის მიუხედავად, სახელმწიფოს არცერთი წარმომადგენელი ჭიათურაში ამ დრომდე არ ჩასულა და მშრომელებს არ დალაპარაკებია. არადა ჭიათურლები მიმდინარე პროცესებში მთავრობის ჩართულობას და მისგან მყარ გარანტიებს ითხოვენ.

"70 დღეა უწყვეტი საპროტესტოს აქციის. ჩვენი ბიჭები უკვე 13 დღეა, კარავში შიმშილობენ. ახლაც სასწარაფო დახმარების ბრიგადაა მოსული ერთი-ერთი მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ერთი მოშიმშილე გუშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში და იქ რჩება, აქვს ფილტვების ანთება. ორი მხარე არ უნდა არსებობდეს ჭიათურაში: ბიჭები, რომლებიც თავის ჯანმრთელობას სწირავენ და ისეთი ადამიანები, რომლებიც "ნეტა რა აზრი აქვს, რატომ შიმშილობენო"- ამ განწყობით არიან, რადგან ქუჩაში გამოსვლამ და ერთიანობამ რაღაც შესაძლებლობები გააჩინა. დამსაქმებელი არ აპირებდა მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენას, მაგრამ ჩვენმა ერთიანობამ ეს შესაძლებლობაც გააჩინა. ახლა არის ეს ბრძოლა ბოლომდე მისაყვანი. სახელმწიფოს ჩართულობა არის აუცილებელი. გვინდა სტაბილური უსაფრთხო სამუშაო გარემო, ამიტომ ვითხოვთ, ვინმე ჩამოვიდეს და ყურადღება მოგვაქციოს",- განმარტა ტარიელ მიქაცაძემ. 

ჭიათურაში, მაღაროელების პროსტესტი 70 დღეა გრძელდება.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

მაღაროელები კი აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და კომპანიის ცალმხრივ პირობებს არ დასთანხმდებიან. ისინი
იმ მშრომელების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებიც უარს ამბობენ, დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან განცხადებას, რომლის მიხედვით, მათ თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე, გარანტიებსა და კომპენსაციაზე. უფრო მეტიც, მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. მშრომელები ამბობენ, რომ უკვე იურიდიულად დაუპირისპირდებიან უკანონოდ და უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.
Print