ახალი ამბები
საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ - იანვარ-აპრილის მონაცემები
FaceBook
2025 წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სულ გადაყვანილ იქნა 2 189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 442 458 მგზავრს მოემსახურა (ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13%-ი შეადგინა).

პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 506 564 მგზავრს მოემსახურა, რაც 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით კი გადაყვანილ იქნა 233 725 მგზავრი, რაც 44%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს.

"მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტებში ათი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა, რაც 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენები რაოდენობას. ჯამურად, განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ შეადგინა 7744 ავიარეისი, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 2338.

მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-აპრილში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10599.332 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.

2025 წლის იანვარ-აპრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს Wizz Air-ი. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 392 454 მგზავრი ყავს გადაყვანილი.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
Georgian Airways – 7% (160 437 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 7% (141 468 მგზავრი)",- განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. 

მათივე ცნობით, 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 61 სამგზავრო ავიაკომპანია 96 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.
Print