ჭიათურაში, მაღაროელებს კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტისგან"
მეორე ეტაპის გასაუბრების სმს შეტყობინებები იმ ადამიანებმაც
მიიღეს, რომლებიც რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან და
შესაბამისად, არც პირველი ეტაპის გასაუბრებაზე ყოფილან.
"პიროვნებას, ვისაც ეს სმს მიუვიდა, არათუ პირველი ეტაპის გასაუბრება
არ გაუვლია, არამედ საერთოდ სანატორიუმის ტერიტორიაზე არ გაუვლია.
ხელმოწერაზე საუბარი ზედმეტია — ერთადერთი ადგილი, სადაც ხელი
მოაწერა, არის ჩვენთან კარავში.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს 1,400 ზე მეტი რეალური დასაქმებულის
ხელმოწერა, რომელიც ნდობას არ უცხადებს კომპანიას. ეს 1,400
დასაქმებული 100%-ით აქტიური მუშა პერსონალია, რომელიც საციცოცხლოდ
მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ხოლო რაც შეეხება კომპანიის
ხელმომწერთა სიას მათ რიგებში ტაქსისტები, საპენსიო ასაკში მყოფნი,
უბრალო მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები შედიან. კომპანია
ყველაფერს ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს აქტიური მუშა პერსონალი.
მსგავსი შემთხვევა თუ გაქვთ — გამოგვეხმაურეთ. არ მოაწეროთ ხელი
არაფერს, არ გამოცხადდეთ არანაირ გასაუბრებაზე! ეს ყველაფერი
ემსახურება „ჭიათურა მენეჯმენტის“ ლეგიტიმაციას და იმ სამართლებრივი
დარღვევების გადაფარვას, რაც კომპანიამ განახორციელა", - აცხადებენ
მშრომელები.
კომპანიაში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ სმს შეტყობინებას ყველა
თანამშრომელი მიიღებს, რადგან ერთიან ბაზაშია მოქცეული და მათი
თქმით, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ადამიანი ეთანხმება თუ
არა დაწყებულ რეორგანიზაციას.
ჭიათურაში, მაღაროელების პროსტესტი 68 დღეა გრძელდება.
ოთხი დაკავებული, 6 მოშიმშილე და ასობით ყოველდღიურად ქუჩაში გამოსული
ჭიათურელები - ასეთია მშრომელების 68 დღიანი ბრძოლა.
მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის
წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა
და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები