ახალი ამბები
"გაიგეთ ის გულისტიკივლი რაც ჩვენ გვაწუხებს" - ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
FaceBook
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ  ჩართულობას მოითხოვენ.

"პრემიერი ვალდებულია ჩამოვიდეს და მოგვისმინოს. არ ვართ ჩვენ  რადიკალურები. გაიგეთ ის გულისტიკივლი რაც ჩვენ გვაწუხებს",  - აცხადებენ  მაღაროელები. 

პროტესტის პარალელურად, 29 აპრილს გამთენიისას ოთხი მაღაროელი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან საინიციატივო ჯგუფის წევრები: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი.

როგორც მაღაროელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა. გამოძიება მათ, მაღაროს დირექტორის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

დაკავებულები  ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, სასამართლო პროცესი კი დღეს უნდა გაიმართოს.



მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში.
Print