ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთ-ერთი პირველი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

"ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“ არის ასახული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც დაწყებულია ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა.

ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან სატვირთო ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას, რისი პოტენციალიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია. განახლებული ინფრასტრუქტურა დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდების შეზღუდვების გარეშე მიღებისა და მომსახურების შესაძლებლობას გააჩენს",- აცხადებენ "ქართული ოცნების" პარტიაში.

პროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240 000 000 ლარით არის დაფინანსებული, სამშენებლო კომპანია „ანაგი" ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო.

დღეისათვის, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი D კოდით ოპერირებს. მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის აეროპორტში, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის, ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

"პროექტში 240 მლ ინვესტიცია ჩაიდება"- ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება

Print