ახალი ამბები
"დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი"- "ოცნების" განათლების მინისტრი
FaceBook
„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საქართველოს სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი დამტკიცდება.
ამასთან, დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.

ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ, სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან, ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენისას და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივების განხილვის დროს ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებაზე; სასკოლო გარემოს განვითარებასა და გაჯანსაღების უზრუნველყოფაზე.

"ამასთან, ხედვის თანახმად, ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ამასთან, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს.

შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე, რაც პროცესს მეტად გამჭვირვალესა და ინკლუზიურს გახდის.

დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება",- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ახალი ხედვის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა, პარლამენტის წევრებმა, ექსპერტებმა, სკოლის დირექტორებმა, ზოგადი განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
Print