ახალი ამბები
"ჩვენ უკვე გადავალთ სამოქმედო გეგმაზე" - მაღაროელები 17 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებენ
FaceBook
ჭიათურაში, 17 აპრილს, 15:00 საათზე, მაღაროელები რიგით მეხუთე მასშტაბურ აქციას გამართავენ.
როგორც მშრომელები ამბობენ, ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი აქციაც, სადაც გააჟღერებენ მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას.

"გვაქვს კიდევ იმედი ხუთშაბათის ჩათვლით, რომ რაღაც სასიკეთოდ მნიშვნელოვანი გადაწყდება, მაგრამ თუ არ გადაწყდება,  22 აპრილიდან ჩვენ უკვე გადავალთ სამოქმედო გეგმებზე, რაც გაჟღერდება ხვალ საღამოს. ჩათვალეთ, რომ ეს შემაჯამებელი აქციაც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანაირი კანონიერი გზა გვაქვს უკვე ნაცადი: თბილისში, პროფკავშირებთან, მთავრობასთან, სახალხო დამცველთან, საპატრიარქოსთან, სადაც კი შეიძლება, დიალოგით მივიდეთ და მოვაგვაროთ, ყველასთან ვიყავით. ყველას ვთხოვეთ შეხვედრა, ან შევხვდით და თუ ხუთშაბათს საღამომდე ჩვენს ყველა კანონიერ პროტესტს, მოთხოვნას გულგრილობით მოეპყრობიან, უგულებელყოფენ, ჩვენი ვალმოხდილობა იქნება ყველას წინაშე. ამის შემდეგ აღარ დაწყდეს არავის გული ჩვენი ქმედითი ნაბიჯების, რაც ძალიან შეაწუხებს ყველას, აბსოლუტურად, მთავრობიდან დაწყებული კომპანია - პროფკავშირის ჩათვლით",- განმარტა ადგილობრივმა ტარიელ მიქაცაძემ.

ჭიათურაში პროტესტი 48-ე დღეა გრძელდება. სწორედ ამდენივე დღეა, რაც მაღაროელები მთავრობის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ.

"48 დღეა, აქციებს ვმართავთ, როგორ არ შეიძლება ამ ხალხის გასაჭირი ბოლოს და ბოლოს გულთან მიიტანო, თუ გაქვს საერთოდ გული, მთავრობავ? ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და კიდევ უფრო ცუდია ის გულგრილობა, რასაც იჩენს მთავრობა ჩვენ მიმართ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ ყველაფრის მიუხედავად",- ამბობენ ჭიათურელები. 

მაღაროელები, სხვა ადგილობრივებთან ერთად, თითქმის ორი თვეა, უწყვეტ აქციებს მართავენ. პირველი აპრილიდან ისინი პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და ჭიათურის მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს. 4 აპრილს კი ორმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, თუმცა, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელის რჩევით, პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე უარი თქვეს.

ჭიათურაში პროტესტი 28 თებერვლიდან მიმდინარეობს. მაღაროელები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.

ჭიათურაში მეექვსე თვეა, მაღაროები დახურულია. მიმდინარე წლის 7 მარტს კი "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ბოლო ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მაღაროების მართვა გადაიბარა, განაცხადა, რომ საწარმოებში სამუშაოები აღარ განახლდება, რადგან წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია. კომპანიის ამ გადაწყვეტილებით, 3 600-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.
Print