ახალი ამბები
ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები-ლექცია ქუთაისში
FaceBook
ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - ამ თემაზე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი ჩატარდა.

ლექცია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს უსაფრთოებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ორგანიზებული პროექტის "VOTE SMART" პროექტის ფარგლებში მოეწყო.

ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

"მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინფორმირება იმ გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე, რომლებიც საქართველოს აქვს საგარეო პოლიტიკის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია განვიხილოთ საქართველოს ახლო წარსული და მათი ზეგავლენა საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ლევან დოლიძემ.

პროექტი "VOTE SMART", რომელიც ნიდერლანდების საგარეო სამინისტროს მიერ არის დაფინასებული, საქართველოში 2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მასში საქართველოს 6 ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, მარნეული და ახალციხე არიან ჩართული.

"VOTE SMART" პროექტში ჩართული ახალგაზრდებისთვის ორგანიზაცია საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს. შეირჩევა საუკეთესო ხუთი პროექტი, რომელიც დაფინასდება.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ყველა რეგიონში ერთი პროექტი დაფინასდება.

Print