ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "ორმაისობისთვის" მზადება დაიწყო - გამოცხადებულია 140 000-მდე ლარის ტენდერები
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი დღესასწაულის “გვირილობის“, იგივე "ორმაისობის" აღსანიშნავად მზადება უკვე დაიწყო.

პირველი სახელმწიფო შესყიდვა [NAT250006656] „ქუთაისობა 2025“-ის ღონისძიებების ორგანიზებაზეა გამოცხადებული, რომლისთვისაც 107 100 ლარია  განსაზღვრული.

ამ თანხაში შემდეგი მომსახურებებია გათვალისწინებული:

რეჟისორის მომსახურება - რეჟისორმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ყველა კომპონენტის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა შემსყიდველთან შეთანხმებით;

დიზაინერის მომსახურება - დიზაინერმა უნდა გაწიოს დიზაინით მომსახურება შემსყიდველთან შეთანხმებით;

მსახიობთა დასი - იგეგმება მსახიობთა დასის მსვლელობა თემატური კოსტიუმებით. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მსახიობებმა უნდა განასახიერონ XIX და XX საუკუნეების სალონური სცენები, ასევე პერსონაჟები: აკაკი
წერეთელი, ვასილ ამაშუკელი, პეტრე ოცხელი, მიტროფანე ლაღიძე, დები იშხნელები, ფოტოგრაფი ილო, ცისფერყანწელები (თემატიკა, ჩაცმულობა და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით);

ფაეტონი - ღონისძიებაზე იქნება სარიტუალო დანიშნულების სამგზავრო ღია ეტლი, რომელსაც ექნება გადასახსნელი თავი. ეტლში შებმული უნდა იყოს ორი ცხენი (ჰიგიენურად მოწესრიგებული);

დღის კონცერტის წამყვანის მომსახურება - სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წამყვანის მოწვევა, რომელსაც ექნება მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილება, წაიყვანოს კონცერტი, წაიკითხოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (მომსახურების ხანგრძლივობა არანაკლებ 120 წთ);

გალაკონცერტის წამყვანის მომსახურება - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წამყვანის მოწვევა, რომელსაც ექნება მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილება (1 მამაკაცი 20-დან 40 წლამდე). წამყვანმა აქტიურად უნდა იმუშაოს სცენაზე, წაიყვანოს კონცერტი, წაიკითხოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (მომსახურების ხანგრძლივობა არანაკლებ 150 წთ);

დიდი ზომის სარკე - სარკეზე უნდა იყოს წარწერა: ქუთაისობა 2025. კონსტრუქცია გაფორმებული უნდა იყოს გვირილებითა და ხელოვნური მწვანე ფერის მცენარეებით. ასევე პუფები;

ყვავილების ხეივანი -  ხეივანი გაფორმებული უნდა იყოს ყვავილებით, მასზე მყარი გამჭვირვალე საკიდით ჩამოკიდებული უნდა იყოს სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ხელოვნური ყვავილები. ხეივანი გაფორმებული უნდა იყოს თბილი ნათების
,,სტრინგებით“, რომელსაც ექნება შავი კაბელი;

ვინტაჟური ავტომობილი - გაფორმებული უნდა იყოს სხვადასხვა სახისა და ზომის ბუნებრივი და ხელოვნური ყვავილებითა და მწვანე ფერის მცენარეებით;

ბურთები - სხვადასხვა ზომისა და ფერის, სარკისებური და საპნის ბუშტების ეფექტის მქონე (ფერადი გრადაციებით) გასაბერი, მრავალჯერადი გამოყენების ბურთები, რომელიც უნდა განთავსდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციაზე;

საბაგიროს ფორმის ფოტო ჯიხური - 1 წითელი და 1 ყვითელი ფერის. 

მეწარმის დახლები - ხის კონსტრუქციის 30 ცალი მეწარმის დახლი, რომელიც უნდა იყოს გაფორმებული სხვადასხვა სახის ხელოვნური ყვავილების გირლანდით;

ქოხები - უნდა იყოს გაფორმებული გირლიანდითა და სხვადასხვა სახის ხელოვნური ყვავილებით. ქოხზე უნდა განთავსდეს იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების დასახელებები;

ცოცხალი გვირილების კონა და ცოცხალი გვირილის დაწნული გვირგვინები;

ანიმაციური გმირები - კოსტიუმირებული მსახიობების მომსახურება, რომლებიც განასახიერებენ პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟებს (არანაკლებ 10 ანიმაციური გმირისა);

პერფორმანსი - მსახიობების მსვლელობა ოჩოფეხებზე, კოსტიუმები და დიზაინი გვირილის თემატიკის;

საბავშვო კუთხის მოწყობა - სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული სახატავი და საძერწი საშუალებების მოწოდება, არანაკლებ 100 ბავშვისათვის, შესაბამისი რაოდენობის მაგიდებითა და სკამებით;

სახეზე მოხატვა - სპეციალური საღებავებით, ფუნჯებით, წყლით, მაგიდით, სკამით შემდგარი, არანაკლებ 2 კომპლექტითა და 2 მხატვარით უზრუნველყოფა (12 საათიდან–19 საათამდე);                                     

გიმნაზიელი გოგონები - გიმნაზიელი გოგონების მსვლელობა და გვირილების დარიგება;

გვირილიანი ალმები - ტერიტორიის მორთვა ალმებით, თოკზე დასაკიდი, წყალგამძლე ქსოვილის, ოთხკუთხა, ფერადი, გვირილის ნახატით;

ტრანსპორტირება - ქალაქის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას დასაწყობებული ინვენტარის ტრანსპორტირება და ღონისძიების დასრულების შემდეგ ინვენტარის საწყის ლოკაციაზე დაბრუნება. ღონისძიების მსვლელობის დროს (მინიმუმ 1 სატვირთო ავტომანქანა);

რეკვიზიტები - სალონური წარმოდგენისთვის: ვინტაჟური ხის მრგვალი მაგიდა -1 ცალი, ხის სკამი - 4 ცალი, მაგიდის მაქმანებიანი საფარი -1 ცალი. მაგიდაზე უნდა იდგას სხვადასხვა სახის ცოცხალი ყვავილების კალათი -1 ცალი;

ტექნიკური პერსონალის მომსახურება - შესაბამისი სპეციალისტების მომსახურება (არანაკლებ 20 პირი) შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციებზე 1, 2 და 3 მაისს.


მერიას მეორე ტენდერი [NAT250006658] ღონისძიების საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურითა და მხატვრული განათებით მომსახურების შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 32 200 ლარია.

წინადადების მიღება 11 აპრილს იწყება და 14-ში მთავრდება. 

"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.
Print