მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო
სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა. "ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე და მზია ამაღლობელის ინტერესების
დამცველი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საქმეში არ არის არც ერთი
მტკიცებულება, რაც მზია ამაღლობელის დანაშაულს დაადასტურებდა.
"ამ საქმეში არ არის არცერთი
მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე
სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე,
სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა,
წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას
ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ
იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ
ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა", - აცხადებს ნონა
ქურდოვანიძე.
მისი თქმით, ეს საქმე სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება.
"ბათუმელებისა/ და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებელი 11 იანვარს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს,
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის წარწერით:
"იფიცება საქართველო" გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით
გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები