დღეს, ბათუმის საქალაქო
სასამართლოში პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი
განხილვა იწყება.
სისხლის სამართლის საქმეზე მისი პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი ჩაატარებს.
"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების"
დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართა, რა
დროსაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში
დატოვა.
გამოცემის "ბათუმელები"/"ნეტგაზეთი"
დამფუძნებელი ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მზია ამაღლობელი
11 იანვარს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს, აჭარის
პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის წარწერით: "იფიცება
საქართველო" გაკვრის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 12
იანვარს კი მისი მეორედ დაკავება, უკვე სისხლის სამართლის კოდექსის
საფუძველზე, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში
სილის გაწვნის გამო მოხდა.
მზია ამაღლობელი ჯერ ციხის საკანში,
შემდეგ კი სამოქალაქო კლინიკაში, ჯამში 38 დღე შიმშილობდა. პატიმარი
ჟურნალისტი საპატიმრო დაწესებულებაში 28 თებერვალს
დააბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები