ახალი ამბები
გაპონოვზე, 4 წლის წინ ჩამონგრეული სახლის რეაბილიტაციისთვის, მერია ტენდერს ახლა აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ, 4 წლის წინ ჩამონგრეული სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ახლა გამოაცხადა.
საუბარია გაპონოვის #3-ში მდებარე ორასართულიან ავარიულ სახლზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

სახლში მცხოვრებ ორ ოჯახს, იმის გამო რომ ობიექტი მუდმივად ინგრევა, მე-4 წელია, საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დასახმარებლად ქალაქის მერიას თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა, საკითხით, წლების განმავლობაში, არც ადგილობრივი თვითმმართველობა ინტერესდებოდა და არც სააგენტო, რომელიც შესაბამისი სტატუსის მქონე ნგრევადი შენობის მეპატრონეებს არც სახლის შეკეთების უფლებას აძლევდა და არც თავად იღებდა პასუხისმგებლობას, ავარიული შენობა გაემაგრებინა. 

"წლები მივმართავდი მერიასაც, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც, განცხადებაც ბევრჯერ დავწერე. ჩამოინგრეოდა, მოვიდოდნენ და მწუხარებას გამოხატავდნენ, მეტი არაფერი. დაგვიანებულზე მეტია, მაგრამ მთავარია ახლა გაკეთდეს. თუ წლები გაგრძელდა კიდევ დაშალა, დაინგრევა და აღარ იქნება სახლი",- ამბობს ავარიულ შენობაში მცხოვრები რევაზ სანიკიძე. 

ბორის გაპონოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობა, პირველად, 2021 წლის ოქტომბერში ჩამოინგრა. მაშინ, სახლის ჩამონგრევის მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. როგორც რევაზ სანიკიძე განმარტავს, ადგილზე მერიც იყო მისული და
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებიც, თუმცა ავარიული შენობის შეკეთებაზე არაფერი უთქვამთ. 

წლებთან ერთად, საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა უარესდებოდა. გაზის აფეთქების შემდეგ, ობიექტიდან სამშენებლო მასალები პერიოდულად ცვიოდა, რის გამოც საფრთხე სახლში მცხოვრებლებთან ერთად, ამ ქუჩაზე გამვლელებსაც ექმნებოდათ.

"მეტრ-ნახევარი აქვს ამ ტროტუარს სიგანე, ამიტომ იძულებულია ადამიანი, შენობის კედელთან გაიაროს, ეს კედელი კი წარმოადგენს საფრთხეს, ცვივა ქვები",- ამბობდნენ ადგილობრივები.

ბოლოს, სახლის კედელი მიმდინარე წლის 20 იანვარს ჩამოიშალა. მაშინ რევაზ სანიკიძემ დასახმარებლად კიდევ ერთხელ მიმართა მერიასაც და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც. 



სწორედ ამ ბოლო ინციდენტიდან ორი თვის თავზე (გაზის აფეთქებიდან კი 4 წლის შემდეგ), მერიამ სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

"ბოლო ინციდენტის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივმართე მერიას და გამოაცხადა ტენდერი", - ამბობს სანიკიძე. 

სახელმწიფო შესყიდვა [NAT250004985], პირველ ეტაპზე, სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ეხება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა ჩატარდეს: საძიებო სამუშაოები და საპროექტო ტერიტორიის კვლევა. არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგების საფუძველზე კი რეაბილიტაციისათვის აუცილებელი სამუშაოები
უნდა განისაზღვროს.

მეორე ეტაპი რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას მოიცავს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. მესამე ეტაპი დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას გულისხმობს, მეოთხე ეტაპი კი - საავტორო ზედამხედველობას.  სახელმწიფო შესყიდვისთვის  120 000 ლარია განსაზღვრული. 

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი და ძეგლზე მომუშავე სპეციალისტების კანდიდატურები მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შესათანხმებლად.

მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 180 დღეში უნდა განხორციელდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაზე წინადადების მიღება 24 მარტს მთავრდება. 


ამავე თემაზე:


"სახლი თავზე გვენგრევა"- კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ავარიულ სახლში მცხოვრები დახმარებას ითხოვს

"მოხსნან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი" - ავარიულ სახლში მცხოვრები სასამართლოს მიმართავს

ქუთაისში გაპონოვის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა
Print