ახალი ამბები
ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც ქალაქის ცენტრში მეხუთე დღეა აქციებს მართავენ, ინვესტორ კომპანიას არ ენდობიან და მასთან პირისპირ მოლაპარაკებას არ აპირებენ.

მაღაროელები აცხადებენ, რომ ისინი"ჯორჯიან მანგანეზმა" ბევრჯერ მოატყუა და კიდევ ერთხელ ამის უფლებას არ მისცემენ. ამიტომ, დღეს, აქციაზე შეკრებილებმა პროცესში სახელმწიფოს ჩართვა მოითხოვეს.

"იმ გამოცდილებით, რაც 2023 წლის, 2019 წლის პროტესტების დროს გვქონდა, მიგვაჩნია, რომ კომპანიასთან შეუძლებელია მოლაპარაკება; კიდევ ერთხელ დავრჩებით მოტყუებული; ამიტომ, საწარმოები უნდა მართოს სახელმწიფომ და ამით იხეიროს ჩვენმა ქვეყანამაც და ქალაქმაც", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ტარიელ მიქაცაძემ.

აქციაზე, ჭიათურიდან ინვესტორის გასვლის გარდა, კიდევ ხუთი მოთხოვნა გაჟღერდა.

მაღაროელები, პირველ რიგში, "ქართული ოცნების" მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ. უმუშევრად დარჩენილ მშრომელებს, იმ თანამდებობის პირებთან სურთ შეხვედრა, რომლებმაც ოთხი თვის წინ ხელი მოაწერეს მაღაროების გაჩერებას.
მაღაროელები, ასევე ითხოვენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული თანხის ნაწილის საერთო ფონდში მობილიზებას, რომელიც ჭიათურელ ბავშვებს მოხმარდება; ქალაქში უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნას; მანგანუმის მოპოვების გამო შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას და "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად დაზარალებული შუქრუთელებისთვის სამართლიანი კომპენსაციების გაცემას.

"ჯორჯიან მანგანეზს", მის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტზე, საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. კომპანიაში საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მაღაროელების მოთხოვნებს კვირის ბოლომდე გამოეხმაურებიან.

ჭიათურაში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროს ქალაქში პროტესტის მორიგი ტალღა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების გაჩერებას მოჰყვა. მაღაროელები აღარ არიან თანახმა იმუშაონ კომპანიასთან და ქალაქიდან მის გასვლას ითხოვენ.

მაღაროებში მადნის მოპოვება მიმდინარე წლის პირველი მარტიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, "ჯორჯიან მანგანეზი" ისევ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ საწარმოების გაჩერების მიუხედავად, კომპანია კვლავ მოიპოვებს მადანს ღია კარიერული წესით და როგორც მაღაროელები ამბობენ, მანგანუმი ქალაქიდან უწყვეტ რეჟიმში გააქვს.

ამავე თემაზე:

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print