ახალი ამბები
"დაცვას მიხედეთ, დაცვას",- ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ოპოზიციას
FaceBook
ნაკაშიძე ოპოზიციას მურღულიაზე მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებს

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე, ბოლო დღეებში, ქუთაისის მერის შოთა მურღულიას მიმართ, ადგილობრივი ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება.
ნაკაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებებს სამმხრივ შოუს უწოდებს და ამბობს, რომ შოთა მურღულიაზე წინასწარ შეთანხმებული თავდასხმა ხდება.

ნაკაშიძე მურღულიას გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების ინიცატორს გოგი წულაიას ოპოზიციის კომიკურ ლიდერს უწოდებს.

"არ მგონია ბატონმა გოგიმ იმდენი ხელმომწერი შეაგროვოს რამდენიც ჭირდება. დემოკრატიის პრესტიჟის საკითხია ქალაქში ოპოზიციის კომიკური ლიდერი ასე უსუსურად არ გამოიყურებოდეს",-წერს ნაკაშიძე.

ნაკაშიძე ასევე პასუხობს ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობაში ქალაქის მერის დაინტერესების ბრალდებას და ამბობს, რომ ბრალდების ავტორი გია გოქაძე, მისი ყოფილი თანაგუნდელების შეცდომებზე პასუხს ახალ ხელისუფლებას სთხოვს.

"რაც შეეხება ბატონ გია გოქაძეს, რომელიც არასამთავრობოს სახელით გვევლინება, ვერა და ვერ გაემიჯნა "ნაციონალურ მოძრაობას", საინტერესოა რომელი სკვერის შესახებ გვთხოვს პასუხს? მისმა თანაგუნდელებმა რომ გაასხვისეს? უსახური შენობა რომ უნდა დაედგათ ისტორიულ ცენტრში და ლამის, რომ გამოვგლიჯეთ ხელიდან ეს იდეა? ამაზეც ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი?",-წერს ნაკაშიძე.

საბინაო სამსახურის უფროსი ასევე ეხმაურება პარლამენტარ გია თევდორაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შოთა მურღულიამ არ იცის ვის დაქვემდებარებაშია პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

"თურმე ნუ იტყვით და ორი კვირის წინ გადმოცემული ტერიტორია სახელმწიფოზე, ორი წლის წინ უნდა ცოდნოდა ქუთაისის მერს. ნიშანდობლივია, ე.წ. "მთავარი ოპოზიციური ძალა" მთავარ შეცდომას სხვას რომ ვერ უძებნის ქალაქის მერს.

გუშინდელი დღიდან ამეკვიატა ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი
"ყოფილი ნაციონალი არ არსებობს".
არ ხართ თქვენ იმ მდგომარეობაში შეტევაზე იფიქროთ....
დაცვას მიხედეთ, დაცვას",-წერს ნაკაშიძე სოციალურ ქსელში.

Print