ახალი ამბები
რომელ მუნიციპალიტეტებშია სასწავლო პროცესი შეჩერებული - განათლების სამინისტრო
FaceBook
დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში შეჩერებულია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში.

"ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.

სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას",- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. არის  მსხვერპლიც.  არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
Print