ახალი ამბები
ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით სამინისტროს მიმართავს
FaceBook

კომპანია პროტესტის მიუხედავად სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს


 


ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლებისა და "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" წარმომადგენელთა უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ჭოგნარის მოსახლეობა პროტესტის ოფიციალურ ფორმას მიმართავს.
ჭოგნარი-გოდოგანის გზაზე ნაგავსაყრელის მშენებლობის გაპროტეტსტებას მოსახლეობა რეგიონალურ და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აპირებს.

"მივმართავთ ოფიციალური წერილით სამინისტროს და მოვითხოვთ შეჩერდეს მშენებლობა, ან 500 მეტრიანი ბუფერის ზონამ გადაიწიოს მინიმუმ 5 კილომეტრით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქარიანი ადგილი, გარდა ამისა არის რამდენიმე პატარა მდინარე, რომელთა დაბინძურების საფრთხე არსებობს თუ აქ ნაგავსაყრელი იქნება",-ამბობს სოფელ ჭოგნარის მცხოვრები ბერდია ცხადაბერიძე.

ადგილობრივებისთვის ასევე მიუღებელია კომპანიის მიერ ნარჩენების დახარისხების მეთოდი. როგორც ირკვევა, კომპანია ადგილზე მიტანილ ნარჩენებს 25 მეტრი სიღრმის ორმოებში განათავსებს, რაც მოსახლეობის თქმით, ნიადაგისა და წყაროების დაბინძურების საფრთხეს ქმნის.

"არავითარი ტექნოლოგია არ აქვთ. პირდაპირ ორმეობში აპირებენ ნარჩენების ჩაყრას. გვარწმუნებენ, რომ 25 მეტრი სიღრმის ორმოებში შიდა დინებები არ იქნებაო, მაშინ, როცა ჩვენთან ორმეტრიანი ჭები აქვს მოსახლეობას. როგორ წარმოგიდგენიათ ამდენი ნარჩენი რომ მიწის ქვეშ იქნება და მას წყალი გადაუვლის მუდმივად, ჩვენს წყაროებს არ დააბინძურებს?",-ამბობს ბერდია ცხადაბერიძე.

"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" კი ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ყველა სტანდარტის დაცვით მოეწყობა. კომპანიის წარმომადგენლის ზურაბ მარდალეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ნიადაგის შესწავლა მიმდინარეობს.

"ეს არის უმაღლესი ტექნოლოგიის გერმანული პროექტი, სადაც ყველა ნორმა დაცულია. არავითარ საფრთხეს ის მოსახლოებისთვის არ წარმოადგენს. თუ გვაცდიან, წლის ბოლომდე  ინფრასტრუქტურის მოწყობით სამუშაოებს დავიწყებთ. ეს იქნება ნარჩენების გადამუშავების ისეთი ობიექტი, როგორიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა",-ამბობს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" წარმომადგენელი ზურაბ მარდალეიშვილი.
მისი თქმით, მოსახლოების პროტესტის მიუხედავად, ნაგავსაყრელი მაინც აშენდება.

თერჯოლის რაიონში, ჭოგნარი-გოდოგანის გზაზე ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წელს უნდა დასრულდეს.

Print