ახალი ამბები
„კაცთა მოდგმას უფლება არა აქვს დაივიწყოს თავისი სახელოვანი ადამიანები“
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა -ლეჩხუმში"ჩვენება გაიმართა.

აღნიშნული ჩვენება პირველი ქართველი კინემატოგრაფისტის ვასილ ამაშუკელის იუბილეს მიეძღვნა. იუბილის ფარგლებში ქალაქს კინომცოდნე გოგი დოლიძე სტუმრობდა.

გოგი დოლიძე უკვე 39 წელია ვასილ ამაშუკელის იუბილეს ქუთაისში აღნიშნავს. ეს ტრადიცია არ დარღვეულა წელსაც.

„ყველას უნდა გავუღვივოთ ინტერესი ამ ფილმისა და მისი ავტორის მიმართ. როგორც სხვადასხვა თაობის ადამიანებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. კაცთა მოდგმას უფლება არა აქვს, დაივიწყოს თავისი სახელოვანი ადამიანები", - აღნიშნა გოგი დოლიძემ

გოგი დოლიძეს მიაჩნია რომ ქუთაისი უფრო აქტიური ქალაქი უნდა იყოს კინოს მიმართულებით. იგი ინიციატივით გამოდის, რომ ქუთაისში ჩატარდეს კინოფესტივალი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები წარმოადგენენ მათ პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს. კინომცოდნე აცხადებს , რომ ამ ფილმებში ყველაზე გამორჩეული და უნიკალური სწორედ ვასილ ამაშუკელის ფილმი იქნება.

„რთული არ იქნება ამ ფესტივალის ორგანიზება. დაინტერესებულმა პირმა ყველა საელჩოს რომ თხოვოს წარმოადგინონ მათი ქვეყნის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, ამ წინადადებას ყველა სიამოვნებით დათანხმდება", - აცხადებს გოგი დოლიძე.

Print