ახალი ამბები
ნიკა ლატარია -"მიწების გაცვლაში კეთილი განზრახვით ვმონაწილეობდი"
FaceBook
ლატარია  კაფე-ბარის მშენებლობაში პირადი ინტერესის არსებობას უარყოფს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია, ქუთაისში, ოქროს ჩარდახთან ორსართულიანი კაფე-ბარის მშენებლობაში პირადი ინტერესის არსებობას უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ სამი ოთარის ძეგლისა და ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიების გაცვლაში მონაწილეობა მიიღო.

"რადგან სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე ვერ მოგვარდა, მე შევთავაზე ქალაქის მერს საკრებულოზე გამოეტანა საკითხი და მომხდარიყო ამ მიწის გადაცვლა ოქროს ჩარდახის მიმდებარედ 300 კვადრატულ მეტრ   მიწაზე, სადაც ახლა კაფე-ბარი შენდება. ამ საქმეში მონაწილეობა მხოლოდ ამ კონტექსტში მივიღე, მხოლოდ კეთილი განზრახვით. არავითარი ბიზნესინტერესი მე იქ არ მაქვს",- ამბობს ლატარია "ქუთაისი პოსტთან" საუბარში.

მისივე თქმით, წლების წინ, როცა სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იჯარით გაიცა და იქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, მას, როგორც ბიზნესმენს  მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის გამო, ამ კონკრეტულ ბიზნესში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ნიკოლოზ ლატარია, სამი ოთარის ძეგლისა და ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიების კორუფციული გზით გაცვლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს.

ლატარიასთან ერთად, ქალაქის ქონების კორუფციული სქემით განკარგვის მონაწილეებად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე და ქალაქის მერი შოთა მურღულია დასახელდნენ.

ბრალდებებს არ პასუხობს შოთა მურღულია.

Print