ახალი ამბები
"თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!"- ქუთაისში, დღეს, მარში გაიმართება
FaceBook
დღეს, 31 იანვარს, ქუთაისის ქუჩებში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სოლიდარობისთვის, მარში მოეწყობა.

აქციის მონაწილეები, 19:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან შეიკრიბებიან და ქალაქის ქუჩებში მსველელობას გამართავენ. 

ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ რეჟიმის მიერ დატყვევებულების, მათ შორის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზიას ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც მე-19 დღეა შიმშილობს. 

რეჟიმის მიერ დაპატიმრებულების მხარდამჭერი მარშები, ქუთაისის გარდა, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება. მსვლელობები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ყოველ პარასკევს მოწყობა.

ქვეყანაში აქციები 65-ე დღეა, მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი, ქვეყნის მასშტაბით, მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


Print