ახალი ამბები
"ქუთაისი შავ დღეშია" - შოთა მურღულიას გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
FaceBook
ამ ეტაპზე ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით სულ 100 - მდე ხელმოწერაა შეგროვებული.

"უნიათო მერი გვყავს," "ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გადადგეს" - აღნიშნული მოთხოვნებით, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქებმა, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

"ქუთაისის მერიას 15 მილიონ ლარამდე აქვს ამოსაღები სხვადსხვა კომპანიებიდან, ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს საქართველოს კონტროლის პალატის 2012 - 2014 წლის ანგარიში, ეს თანხები დღემდე არ ამოუღია მერიას. ქუთაისის მერი და მთლიანად მერია არაფერს არ აკეთებს და ამიტომაცაა ქუთაისი შავ დღეში," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელი გოგი წულაია. 

წულაიას მსგავსად, უკმაყოფილებას გამოთქვამენ  ქუთაისის მერიის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები. მათი თქმით, სოციალურად დაუცველებისთვის ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

"გაუსაძლის მდგომარეობაში ვცხოვრობთ სოციალურად დაუცველები და ჩვენი მდგომარეობის შემსუბუქებისთვის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს," - განმარტავენ ქუთაისის მერიის შენობის წინ მყოფი სოციალურად დაუცველები.

ამ ეტაპზე ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით სულ 100-მდე ხელმოწერაა შეგროვებული.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print