ახალი ამბები
მოტყუებული თანამშრომლები და შეჩერებული რეორგანიზაცია ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში
FaceBook
ბიბლიოთეკის თანამშრომლები ხელფასის 50 ლარით მატებას აპროტესტებენ.

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ადგილობრივმა თვითმმართველობამ სახელფასო ფონდი გაუზარდა, თუმცა, ბიბლიოთეკისთვის დამატებული 70 ათასი ლარი, თანამშრომლებსა და მერიის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ ხელფასის 50 ლარით მატება მათთვის მიუღებელია. ამასთანავე, თანამშრომლები ითხოვენ მერიამ დაწესებულებაში რეორგანიზაცია გააგრძელოს, რაც მათი თქმით ღირსეულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

"ჩვენ სწორედ რეორგანიზაციის ფარგლებში ველოდით ხელფასის მომატებას. იმდენი შესამცირებელი კადრია აქ, რომ უამრავი თანხის დაზოგვა შეიძლება. სახელფასო ფონდის დიდი ნაწილი იფლანგება ისეთ კადრებზე, რომლებიც რეალურად საჭირო არ არის",-ამბობს სამკითხველო დარბაზის გამგე ირმა გვენეტაძე.

"რეორგანიზაციის პროცესის შეჩერება დაუშვებელია. პირიქით, უამრავი საქმეა აქ გასაკეთებელი ",-ამბობს ბიბლიოთეკარი ქეთევან გაბრიაძე.

ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ხელფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება, ორი დღის წინ პირადად აცნობა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა. ზვიად ჯავახიამ თანამშრომლებს თავდაპირველად უთხრა, რომ ქალაქის მერის პირადი გადაწყვეტილებით ხელფასი 40 ლარით მოიმატებდა. ინფორმაცია მიუღებელი აღმოჩნდა თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი მინიმუმ გაორმაგებულ თანხას ელოდნენ.

მათი პროტესტის მეორე დღეს კი გადაწყდა, რომ მერია თითოეულ მათგანს 50 ლარით მეტს გადაუხდის, თუმცა, თანამშრომლები არც ამ შეთავაზებას ეთანხმებიან.

"ყველამ ვიცოდით, რომ 90 ლარამდე უნდა გაზრდილიყო ხელფასი. პირადად დირექტორი გვეუბნებოდა ამას. დღეს კი გადაწყდა, რომ მხოლოდ 50 ლარს დაგვიმატებენ. ეს მთელი კოლექტივის დაცინვაა",-ამბობს ხარისხის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ინგა გვენეტაძე.

"ჩვენ აქ ყველა ერთ აზრზე ვართ. არავინ ეთანხმება 50 ლარით ხელფასის მატებას",-ამბობს ბიბლიოთეკარი მირანდა მესხიძე.

მერიის ადმინისტრაციაში, ისევე როგორც ბიბლიოთეკის დირექციაში, დაპირებას ხელფასის 90 ლარით მატების შესახებ უარყოფენ.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს და შესაბამისად მსგავსი დაპირება ვერ გაიცემოდა.

"ეს დაპირება ქუთაისის მერიას არასდროს გაუცია და თუ ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ ამ თემაზე, ეს არ ვიცი. ხელფასის 50 ლარით ზრდისთვის პირადად მოიძია ქალაქის მერმა სახსრები. ამ ეტაპზე ბიუჯეტს მეტი შესაძლებლობა არ აქვს",-ამბობს ზვიად ჯავახია.

"ტყუილია თითქოს მე თანამშრომლებს ხელფასის 90 ლარით მატებას დავპირდი. წლის დასაწყისშივე ვიცოდი რამდენიც იყო თანხა გამოყოფილი და როგორ ვეტყოდი მათ ასეთ რამეს? ეს უბრალოდ სიცრუეა",-ამბობს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე.

რაც შეეხება რეორგანიზაციას, დირექტორი ადასტურებს, რომ პროცესი შეჩერებულია, თუმცა, ამბობს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია.

"მიზეზი არ ვიცი და საერთოდ ზუსტად ჯერ არაფერი ვიცი. ორშაბათს კიდევ შევხვდები ადმინისტრაციას და გაირკვევა ყველაფერი,"-ამბობს ჩოგოვაძე.

ბიბლიოთეკაში რეორგანიზაციის შეჩერებას არ ადასტურებს ზვიად ჯავახია, თუმცა, ამბობს, რომ რეორგანიზცია ამ ეტაპზე მხოლოდ იმ კონკურსით გამოიხატება, რომლის ბოლო -გასაუბრების ეტაპი გასულ კვირას დასრულდა.

Print