ახალი ამბები
"რადგან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას პატრონი არ გამოუჩნდა, ჩვენ ვთავაზობთ ქუთაისის მერს გამოსავალს"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერს ტერიტორიის დასუფთავებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა.
პოლიტიკური ორგანიზაცია შოთა მურღულიას სთავაზობს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დასასუფთავებელ ობიექტთა ნუსხაში შეიატნოს.

"რადგან პატრონი არ გამოუჩნდა ამ ადგილს და შოთა მურღულიამაც ვერ გამოძებნა სხვა გზა, ჩვენ მას ვთავაზობთ გამოიტანოს საკრებულოზე საკითხი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შეიტანოს დასასუფთაველ ობიექტთა ნუსხაში. ტყუილია ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კანონი უკრძალავს ამ ტერიტორიის მოწესრიგებას. მარტივად შეუძლია შპს "ქუთსერვისს", რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია და თავის მხრივ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის სისუფთავეზე, დაავალდებულოს ამ ადგილის მოწესრიგებაც",-ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევდორაძე.

"ნაციონალების" თქმით, შპს, რომელმაც პარლამენტის შენობა ააშენა და თავის მხრივ, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაც ევალებოდა, აღარ არსებობს. შესაბამისად მათთვის ვალდებულების შესრულების მოხოვნა შეუძლებელია.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ადგილობრივი ძალებით ვერ მოხდება, რადგან არც შენობა და არც მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ბალანსზე არ არის.

Print