ახალი ამბები
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა
FaceBook
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის წარდგენა მოქალაქეებს უკვე ელექტრონულად შეუძლიათ.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, საჩივარი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გაგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.

ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული ფორმა საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქისთვის პროგრამაში პერსონალური გვერდი იქმნება, რომელზე წვდომაც მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აქვს. აქვე შესაძლებელია ელექტრონული ადმინისტრაციული საჩივრის მზა ფორმის მოძიებაც.

საჩივარზე მიღებული პასუხი მოქალაქის პერსონალურ გვერდზე აისახება. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში რეგისტრირებული ყველა დაინტერესებული პირის ისტორია მის პერსონალურ გვერდზე ინახება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია კონკრეტული საჩივრის მომზადების, ელექტრონულად გაგზავნის და მათზე საჯარო რეესტრისგან მიღებული პასუხების მოძიება.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამა მოქალაქეებისთვის ამცირებს ბარიერებს და საჩივრის წარდგენის პროცესს კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის.


Print