ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალ ფანART-ის პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
ახალგაზრდული შემოქმედებითი ფესტივალი ფანART-ი მიმდინარე წლის 24-დან 31 მარტის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალში, რომელიც უკვე მე-4 წელია ტარდება, მონაწილეობა 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მსურველებს აპლიკაციის შევსება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ფეისბუკ გვერდზე შეუძლიათ. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა  2016 წლის 17 მარტი.

"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში"' დაგეგმილ ღონისძიებებზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო ვადაჭკორიამ ისაუბრა.

"გვინდა, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს რეგიონებიდან. ჩავდივართ ყველგან და ვაცნობთ ჩვენს პროექტებს. პარალელურად შშმ პირებისთვის გვაქვს პროექტები, რომლებიც გვინდა, მათთან ერთად განვახორციელოთ. დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაციაში მოცემული 10 ჟანრიდან მათთვის სასურველი უნდა აირჩიონ და ამის შემდგომ 5 საუკეთესო შეირჩევა თითოეულ ჟანრში," - ამბობს "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" წარმომადგენელი, ნინო ვადაჭკორია.

ჟანრი მოიცავს შემდეგ 10 კატეგორიას: საავტორო ან იმპროვიზებული ნაწარმოები, სტენსილი, ლიტერატურა, ქანდაკება, როკი/ალტერნატივა, ფოლკლორი, სოციალური ტელემედია, კინო/ანიმაცია, ფოტოგრაფია და მხატვრობა. 

"განვიხილეთ ის პროექტები, რომელსაც "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული" ცენტრი გეგმავს 2016 და შემდგომი წლების განმავლობაში. ეს არის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და შშმ პირების მხარდამჭერი პროგრამები და ვფიქრობ, ეს პროექტები აქტიურად დაინერგება," - ამბობს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით გორდელაძე.

სამუშაო შეხვედრას იმერეთის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print