ახალი ამბები
ქუთაისში ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალ კიბეებს რეკონსტრუქციას "თეგეტა მოტორსი" განახორციელებს
FaceBook
ქუთაისში ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი საფეხმავლო კიბეების რეაბილიტაციას კომპანია "თეგეტა მოტორსი" განახორციელებს.

როგორც კომპანიის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, კიბეების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება "თეგეტა მოტორსის" დამფუძნებელმა მიიღო. საფეხმავლო კიბეების რეაბილიტაცია ქალაქის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

"ეს არის დამფუძნებლის გადაწყვეტილება და ქველმოქმედების ერთ-ერთი ფორმა, რასაც ჩვენი კომპანია ქვეყნის მასშტაბით აკეთებს. ქუთაისში გვაქვს სამი ფილიალი და მთლიანად რეგიონში სადისტრიბუციო ქსელი. შესაბამისად, შემოსავლებიც არის ამ კუთხით და გვსურდა, რომ ჩვენი მხრიდან ქალაქისთვის რაღაც გაგვეკეთებინა,"- განაცხადა "თეგეტა მოტორსის" იმერეთის რეგიონის დირექტორმა, სანდრო ნერგაძემ.

მისივე ინფორმაციით, საფეხმავლო კიბეების რეაბილიტაციაზე 55 000 ლამადე თანხა დაიხარჯება. დაგეგმილია კიბეების, მოაჯირებისა და მთელს სიგრძეზე ღამის განათების დამონტაჟება. ასევე, მოხდება თანამედროვე ტიპის მოსაცდელის მოწყობაც.

ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი საფეხმავლო კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.






Print