ახალი ამბები
ყვავილები არა, უფლებები გვინდა! - აქცია-მსვლელობა ქუთაისში
FaceBook
საქართვცელოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი (12%); საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით და მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 115-ე ადგილზეა;

საკრებულოებში არჩეულ 2083 წევრს შორის მხოლოდ 246 ქალია (11,8%);  თელავის, წალკის, ასპინძის, ფოთის საკრებულოებში არც ერთი ქალი დეპუტატი არ არის; 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებელი არის ქალი; არც ერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი არ არის;

ამის ფონზე ქუთაისის გენდერის მედიაცენტრმა და ქალთა საინიცატივო ჯგუფმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე პოლიტიკაში ქალთა აქტიური ჩართვის მიზნით სარვამარტო აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. 

"დღევანდელი აქციის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და რაც შეიძლება მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში. აუცილებელია, რომ ქალებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები და მათ დაიჯერონ, რომ შეუძლიათ პოლიტიკაში მოსვლა" - აცხადებს ქუთაისის გენდერის მედაიცენტრის ხელმძღვანელი, ქეთი ბერძენიშვილი. 

"ყვავილების ნაცვლად გვჭირდება ჩვენი უფლებების დაცვა. ვაპროტესტებთ ქალთა უფლებების დარღვევას საქართველოში და ეს უნდა შეიცვალოს" - ამბობს სტუდენტი, ესმერალდა კუპრაძე.

აქცია-მსვლელობაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკოსები, მასმედია, ახალგაზრდები  და ყველა ის დაინტერესებული ადამიანები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის ქალთა პოლიტიკური გააქტიურება. მსგავსი აქცია-მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, გაზარდოს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში.

გაეროს „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“  კომიტეტის მიერ შემუშავებული 2014 წლის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ შემდგომი ორი წლის ვადაში პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში ქალთა სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.

 

 



Print