ახალი ამბები
10 წელია სახლმა ნგრევა დაიწყო - ქუთაისში მცხოვრები დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, მანდარიას პირველი შესახვევის #4-ში მცხოვრები დავით ჭულუხაძე მერიისგან დახმარებას ითხოვს. 

დავით ჭულუხაძის ნანგრევებად ქცელი სახლი მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე მდებარეობს. სახლის დანგრევის მიზეზად ჭულიხაძე 10 წლის წინ გაზის მაგისტრალის გაყვანას და ხეების მოჭრას ასახელებს.  მის საცხოვრებელს არ გააჩნია არც სახურავი და არსებობისთის აუცილებელი პირობები, რის გამოც, წვიმის დროს თავს ქუთაისის რკინიგზის სადგურს აფარებს. დავით ჭულუხაძის თქმით, ზარალი 280 ათას ლარს შეადგენს. 

"10 წელია, რაც სახლმა ნგრევა დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად მივმართავდი მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებისთვის. არანაირი სახის შემოსავალი არ მაქვს. მამაოების და მეგობრების დახმარების იმედად ვარ დაეჩენილი" - ამბობს დავით ჭულუხაძე. 

დავით ჭულუხაძე ამ დროისათვის უმუშევარია და არ გააჩნია სოციალურად დაუცველის სტატუსი. მისი თქმით, 1 მარტს დახმარების გაწევის თხოვნის განცხადებით ქუთაისის მერიას მიმართა, რომლის შედეგადაც  მერიამ რიონის დასახლებაში ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რაზეც დავით ჭულუხაძემ უარი განაცხადა. 

"რიონში მე არ წავალ, იქ რა გავაკეთო. იქაც დანგრეული შენობაა, გამოასახლეს დევნილები, ქალაქის ცენტრში დაასახლეს და მივყავართ მე ქალაქგარეთ" - ამბობს დავით ჭულუხაძე. 

"ადამიანს, რომელსაც სახლიც კი არა აქვს, არ ეძლევა სოციალური დახმარება და ეს წლებია გრძელდება. არის შეთავაზებები მერიისგან ალტერნატიულ ფართთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეთავაზება უარესიც კი არის. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა რაღაც რესურს გამონახავს და ამ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც გადაუჭრის" - აცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი, რომელიც დავით ჭულუხაძის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს მერის სარეზერვო ფონდი, საიდანაც ეხმარებიან ხანძრის ან სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს. მერიაში განმარტავენ, რო მოქალაქე დავით კუჭუხაძეს წერილობითი განცხადებით მათთვის დღემდე არ მოუმართავს.
Print