ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრთა ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება
FaceBook
ქუთაისის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს'' წევრების ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება.
საბჭოს 10 წევრი ხელს აწერს განცხადებას, რომელშიც პარლამენტს ამ კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში საბჭოს წევრები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდული სფეროს განვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების და უცხოელი დონორების წვლილი შეუფასებელია, ამიტომ არ უნდა მიიღონ კანონი, რომელიც მათ საქმიანონობას შეზღუდავს. 

''ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ვაცნობიერებთ რა, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი და მათი ჩართულობა.

ვფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში ახალგაზრდული სფეროს და ეკოსისტემის განვითარებაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა არ შეიძლება იყოს დაუფასებელი და “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარი”.

ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ვემიჯნებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
მოვუწოდებთ, მთავრობას და პარლამენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და არ დააყენოს ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ, რაც ქუთაისელი ახალგაზრდების გამოხატული ნებაა,''-ნათქვამია განცხადებაში. 

„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო''-ში 27 წევრია, განცხადებას ხელს აწერენ საბჭოს შემდეგი წევრები: 

• ნინო ბუცხრიკიძე - საგანმანათლებლო ცენტრი “სხვა სკოლა”;

• ირაკლი თევზაძე - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”;

• თეონა ფურცხვანიძე - სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი;

• საბა ხაბულიანი;

• ნინი გორგოძე;

• ლანა ჟორჟოლიანი;

• ლიზი ჯავახაძე;

• მარიამ ბენიძე;

• შაქრო კლდიაშვილი;

• დავით ხაჩიძე.

"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღი. მას მხარი 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის დასამტკიცებლად ჯამში სამი მოსნენაა საჭირო. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის" სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print