ახალი ამბები
ქუთაისში სოციალურად შეჭირვებულებს რეგულარული უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
FaceBook
გამოკვლევები თვეში ორჯერ ჩატარდება

ქუთაისის დავით ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრსა და ქუთაისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ქუთაისში შეჭირვებული მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.

დავით ნაზარიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი, ყოველი თვის პირველ შაბათს, შეჭირვებულ მოსახლეობას უფასო გამოკვლევას ჩაუტარებს. ყოველი თვის მესამე შაბათს კი ბინაზე მოემსახურება მათ, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს.

"ეს არის კეთილი ნება, რომელიც გამოიჩინა ცენტრის დირექტორმა ბატონმა მერაბმა. ასეთი ტიპის დახმარება ჩვენი სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათ აძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობებს",-ამბობს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

"ჩვენი ცენტრი ყველა სოციალურად შეჭირვებულს თვეში ორჯერ ჩაუტარებს სრულყოფილ გამოკვლევას და რაც მთავარია ეს იქნება სრულიად უფასოდ",-ამბობს დავით ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი მერაბ კვიცარიძე.

მისი თქმით, ცენტრში სოციალურად დაუცველები სრულ ამბოლატორულ მომსახურებას მიიღებენ. ამასთანავე ჩაიტარებენ ექოსკოპიურ, ლაბორატორიულ და სხვა სახის გამოკვლევებს.

გამოკვლევისთვის საჭირო თანხებს სრულად აანაზღაურებს ცენტრი.

რაც შეეხება პოტენციურ პაციენტებს, მათ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან მერიის შესაბამისი სამსახური შეარჩევს.
Print