ახალი ამბები
ქუთაისში "ოცნების" მიერ მომზადებული ჰომოფობიური კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს
FaceBook
"ქართული ოცნება" ქუთაისში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას მართავს.

შეხვედრა, რომელსაც ძირითადად საჯარო მოხელეები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ესწრებიან, მესხიშვილის თეატრში ტარდება.

ადგილზე შეკრებილებს სიტყვით უმრავლესობის ლიდერები მიმართავენ. მათ შორის არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე მამუკა მდინარეძე, ანრი ოხანაშვილი, სოზარ სუბარი და სხვები.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მისი განმარტებით, იმედი არ აქვთ, რომ ოპოზიცია ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი მისი მხარდაჭერა, ხოლო კანონებში ცვლილებები მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული.

Print