ახალი ამბები
პროტესტის მესამე ღამე რუსული კანონის გასაპროტესტებლად
FaceBook
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ადგილზე რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები და სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს" , "საქართველო ევროპაში".

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას კანონპროექტის გასაწვევად 22:30 საათამდე მისცეს ვადა, მოგვიანებით კი, დემონსტრაციის ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.

ისინი პრემიერ-მინისტრს რუსული კანონის გაწვევას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდნენ. ამასთან, პოლიტიკურმა ლიდერებმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა კობახიძე ადმინისტრაციის შენობიდან არ გამოსულა.

აქციის მიმდინარეობისას, წუხელ, ადმინისტრაციული წესით, კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. ამასთან, კადრებში ჩანს, რომ პოლიციელებმა აქციაზე მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომლის თქმითაც, სამართალდამცავებმა ის სცემეს და ნეკნი აქვს მოტეხილი.

დღეს, 18 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტის მეოთხე დღეა. ონლაინმედიის ჟურნალისტებს და მათ, ვინც არ არის მიწვეული „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ“,  საკანონმდებლო ორგანოში არც დღეს შეუშვებენ.

საქართველოს პარლამენტში, რომლის უმრავლესობას კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს, დღეს 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა დანიშნული, ხოლო 12:00 საათიდან პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს.

საერთაშორისო პარტნიორების რჩევის, მოქალაქეთა პროტესტისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მას მხარი 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ფოტო: რადიო თავისუფლება
Print