ახალი ამბები
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კიდევ 11 პირი დააკავეს
FaceBook
უკვე მესამე დღეა, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია იმართება.
ათასობით მოქალაქე " ქართულ ოცნებას" მეორედ ინიცირებული რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. 

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, გასულ ღამეს კიდევ 11 პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეებს ღამით სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს - "ტაბულას", "აპრილისა" და "პუბლიკას" რეპორტიორებს.

ამასთან, შსს-მ მოქალაქეთა დასაშლელად გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.

პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათზე განახლდება. ადგილზე მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა და რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა სწორედ 12:00 საათზე გაგრძელდება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ფოტო: ნეტგაზეთი
Print