ახალი ამბები
რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა
FaceBook
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
აღნიშნულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი გუშინ, 15 აპრილს, დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე ჯერ პოლიტიკური გამოსვლები იქნება, შემდეგ კი, როგორც პაპუაშვილმა თქვა, დღის წესრიგს მიჰყვებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ რატომაა კანონი რუსული, ამის შესახებ არგუმენტირებული პასუხი ვერ მიიღეს.

„როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებზე, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გვეუბნებიან, იმიტომ, რომ თქვენგან საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ არ უნდა. ვეუბნებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ? იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ანუ, ასეთი ურთიერთმითითება მიდის.

იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობოების ნაწილს რატომ უნდა იყოს [ვეტინგი], გვეუბნებიან, იმიტომ, რომ უცხოეთიდან გვეუბნებიან, რომ ვეტინგი ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, გვეუბნებიან იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო. აი, ამ რატომზე როდესაც არ არის არგუმენტი არამედ, მითითებაა რაღაც ე.წ ავტორიტეტებზე, აქ ჩანს, რომ სინამდვილეში ახლა არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. დოგმებით საუბარი და რგუმენტირებული განსჯის ჩახშობა, აღარ გამოუვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პლენარული სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩატარდება. პარლამენტში, გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ უშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print