ახალი ამბები
რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისში გამართულ მშვიდობიან აქციაზე 14 პირი დააკავეს
FaceBook
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
აქცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ჯამში, 14 პირი დააკავეს

„სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შსს-ს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა. გუშინ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩატარდება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print