ახალი ამბები
პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს
FaceBook
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის განხილვა დაიწყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით იხილავს.

პარალელურად, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით „არა რუსულ კანონს!”

აღსანიშნავია, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედია და პრესა, ასევე აკრედიტებული ჟურნალისტები არ დაუშვეს. 

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები დილით გაიმართა ქუთაისსა და თელავშიც. 

დღეს საღამოს, 19:00 საათზე კი პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგნილი, რათა მოქალაქეებმა გამოხატონ პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ფოტო: ინტერპრესნიუსი


Print