ახალი ამბები
"ეს კანონი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში
FaceBook
„ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი“,- ასე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.
ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის მომხრეები არიან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ მნიშვნელოვანი და არსებითი სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ.

„ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცის შეზღუდვისა და მათი სტიგმატიზაციის გამართლება. სიტყვის თავსუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობისაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს მოიცავს საქართველოსაც, განსაკუთრებით, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ.

მესმის, რომ არსებობს შეშფოთებები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ასევე მესმის, რომ არსებობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც. ჩვენ, ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე.

„როგორც არის ახლა, ეს შეუთავსებელია და განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში",- განმარტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print