ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ, ქუჩებში "რუსული კანონის" პროპაგანდისტული პლაკატების გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ქალაქის ქუჩებში "რუსული კანონის" პროპაგანდისტული შინაარსის პლაკატების გაკვრისთვის მოკვლევა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტს" მერიის პრესსამსახურში გვითხრეს.

"ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების უნებართვოდ გაკვრასთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დამღვევი პირების დადგენის შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება საჯარიმო სანქციები“, - განმარტეს მერიაში.

ქალაქის ტერიტორიაზე რაიმე სახის პლაკატის განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვა სჭირდება. შესაბამისად, უნებართვოდ პლაკატების გაკვრა გარკვეულ ჯარიმას ითვალისწინებს. მერიაში განმარტავენ, რომ ჯარიმის ოდენობა, ადგილმდებარეობის მიხედვით, 50-დან 1000 ლარს შეადგენს. 



"რუსული კანონის" პროპაგანდისტული პლაკატების განთავსებამდე, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, "სამშობლო არ იყიდება" - ამ შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეთა მიმართ სიძულვილის ენის შემცველი კამპანია სოციალურ ქსელშიც მიმდინარეობს. ამის გარდა, ხელმეორედ დაინიცირებული კანონპოექტის პროპაგანდაში ჩართულები არიან როგორც თანამდებობის პირები, ასევე საჯარო მოხელეებიც.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიცირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print