ახალი ამბები
„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
FaceBook
"არა რუსულ კანონს" - ამ სლოგანით თბილისში, პარლამენტთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ჟურნალისტები და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენლები „ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მმართველმა პარტიამ ბიუროს სხდომაზე დღეს უნდა დაარეგისტრიროს.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ათობით სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი ონლაინმედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც აკრედიტაციები აქვთ, პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. პარლამენტთან ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს!".

ხმაურია პარლამენტის შენობაშიც, სადაც "რუსული კანონის" განხილვა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

ხვალ, 9 აპრილს, "რუსული კანონის" წინააღმდეგ, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით დაიგეგმა თავისუფლების მარშიც. 

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ მაინც ხელმეორედ მაინც დააინიცირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ფოტო: ნეტგაზეთი
Print