ახალი ამბები
ქუთაისში, ფოსტის შენობას 5 დღეში მეორედ გაუჩნდა ცეცხლი
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ფოსტის“ შენობას 5 დღეში უკვე მეორედ გაუჩდა ხანძარი.

ადგილზე სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. 

ცეცხლი ძლიერი არ იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იმის გამო, რომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული, თამარ მეფის ქუჩა დროებით გადაკეტილია.



„საქართველოს ფოსტის“ შენობაში ცეცხლი 5 დღის წინაც გაჩნდა. დაიწვა მეორე სართული, რომელიც უფუნქციოა. ობიექტის პირველი სართული კი, სადაც ფოსტის სერვის ცენტრი და საფოსტო დახარისხების ცენტრია განთავსებული, დაზიანდა.

ფოსტის შენობაში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ გამოძიების დაწყება მოითხოვა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომ ცეცხლი შეგნებულად გაჩნდა, რადგან შენობის გასხვისება და მის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება.

შსს-ში კი გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა რა მუხლით, ეს არ დაუკონკრეტებიათ.

თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა " საქართველოს ფოსტის" საკუთრებაშია, საიდანაც ობიექტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხების მიღება ვცადეთ, თუმცა "ფოსტაში" გვითხრეს, რომ აღნიშნულზე ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. რა გეგმები აქვთ შენობასთან დაკავშირებით, ამას პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის #56–ში მდებარე ისტორიული შენობა 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ორსართულიანი შენობა, სადაც "საქართველოს ფოსტაა" განთავსებული, ამორტიზებულია.

გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, განახლებითი სამუშაოები ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა, რაც თავის მხრივ, შენობის გაფართოებას უკავშირდებოდა. მას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცნისფრად შეღებეს. მას შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია.


ამავე თემაზე:

"მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას ხანძრის მიზეზებზე"- გიგა შუშანია ფოსტის შენობაზე

ქუთაისში, საქართველოს ფოსტის შენობაში, ხანძარი იყო

Print