ახალი ამბები
„ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მალე გაათავისუფლებენ“ - ბრალდებულის ადვოკატი
FaceBook
სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 29 წლის ნატო ხელაძეს, რომელსაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მძიმე ბრალდება მოეხსნა და საპატიმროს მალე დატოვებს.
ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატის მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება შეუცვალეს და ახლა მხოლოდ ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. მისივე თქმით, მკვლელი ნატო ხელაძის ძმა აღმოჩნდა. 

ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავებული ქალის მიმართ პატიმრობის გამოყენება, მოსამართლის მხრიდან არასამართლიანი ნაბიჯი იყო. 

''შემირცხვენია თათია გოგოლაურის სამართალი და მისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი....
მე მაჩერებდა და შენიშვნას მაძლევდა, დაბალ ტონალობაში და აუღელვებლად მესაუბრა, მაშინ როდესაც ვცდილობდი დამერმუნებინა იგი ბრალდებულის უდანაშაულობაში და მტკიცებულების არარსებობაში, მაგრამ ამაოდ.
მიუხედავად დაცვის მხარის დიდი წინააღმდეგობისა, მაინც პატიმრობა გამოიყენა და ეს საცდავი გოგო, რომელსაც არ მოუკლავს მისი ქმარი,
არის შშმ პირი, აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, არ იცის წერა-კითხვა და ასევე ვერ გეტყვის რამდენი წლისაა, პატიმრობა გამოიყენა იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობაო ,
ხოლო ბრალდების მხარე, რომ დარწმუნდა , რომ ამ საქმეს დიდი ანგარიშით წააგებდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, დღეს წარდგენილი ბრალდება შეუცვალეს და ახლა მხოლოდ ცრუ ჩვენებას ედავებიან, ანუ რატომ თქვიო რომ მე მოვკალიო.
ასე ,,გამოიძია" იმერეთის სამხარეომ მკვლელობის საქმე, პროკურორის რეზო თოფურიას ზედამხედველობით და სამართლიანი ,,მოსამართლის" თათია გოგოლაურის გადაწყვეტილებით, უდანაშაულო ადამიანი პატიმრობაში აიყვანეს!!''-წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში. 

საქართველოს პროკურატურაში ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. 

''ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს''-გვითხრეს პროკურატურაში. 

ნატო ხელაძე ქმრის მკვლელობის ბრალდებით 2 აპრილს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print