ახალი ამბები
ქუთაისში "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტის მიზნით აქციას აანონსებენ
FaceBook
აქცია პარასკევს, 4 მარტს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია შპს "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით აქციის გამართვას აპირებს.

როგორც წულაია აანონსებს, აქცია პარასკევს, 4 მარტს, 11 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

"მოვუწოდებ ქუთაისში მყოფ ტაქსის მძღოლებს შემოგვიერთდნენ, რადგან სწორედ ტაქსის მძღოლები არიან განსაკუთრებით შავ დღეში. სადაც ისინი დგანან, საღორეა და არა პარკინგის ადგილები, რაშიც ფულს უკანონოდ ახდევინებენ," - ირწმუნება წულაია.

რამდენიმე დღის წინ, გოგი წულაიამ შპს "პარკინგსერვისი" უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და კომპანიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც წულაია ირწმუნება, შპს "პარკინგერვისი" ქუთაისში მოსაკრებლის აღებასა და მოქალაქეების დაჯარიმებას უკანონოდ ახორციელებს.

მისი თქმით, ქუთაისის მერიასა და შპს "პარკინგსერვის" შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, "პარკინგსერვისს" მერიის მხრიდან იჯარით გადაცემული პარკირების ადგილები საჯარო რეესტრში უნდა დაერეგისტრირებია, თუმცა აღნიშნული ადგილები, გარდა წერეთლის ქუჩისა, კომპანიას  ამ დრომდე არა აქვს დარეგისტრირებული.

წულაიამ სარჩელის ძირითად განხილვამდე, შპს "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო კიკვაძემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.  

წულაია ამჯერად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.


"პარკინგსერვისის" ადმინისტრაციაში წულაიას ბრალდებებზე განმარტავენ, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება და პარკირების ადგილების დარეგისტრირება არ არის აუცილებელი.

ქუთაისში, პარკირება მიმდინარე წლის 25 იანვრიდან ფასიანი გახდა.

ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "პარკინგსერვისს" გადაეცა.

ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.

Print