ახალი ამბები
პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
FaceBook
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ სხდომაზე მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 22 დეპუტატი იყო.

ამავე კანონპროექტით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა 60-ის ნაცვლად 30-ით განისაზღვრა.

ეს ოპოზიციური პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა იყო, რომელიც მმართველი პარტიის ძალისხმევით პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

პირველი მოსმენა გუშინ, 3 აპრილს, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.

ამ გადაწყვეტილებით საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი გაუქმდება, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო არჩევნების სიაში, სულ მცირე ყოველ მეოთხე ადამიანად ჩაწეროს ქალი.

დღეს მიღებული დოკუმენტი კანონად იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მას ხელს საქართველოს პრეზიდენტი მოაწერს. ვეტოს დადების შემთხვევაში დოკუმენტი განსახილველად კვლავ პარლამენტში დაბრუნდება.



Print