ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "ორმაისობისთვის" მზადება დაიწყო
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი დღესასწაულის “გვირილობის“ აღსანიშნავად მზადება უკვე დაიწყო.
ამ მიზნით „ქუთაისქალაქობა 2024“-ის ორგანიზების შესასყიდად 125 350 ლარის ღირებულების ტენდერია [NAT240006818] გამოცხადებული. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში საჭირო მომსახურების გაწევა მოიცავს: რეჟისორის მომსახურებას, რომელმაც, შემსყიდველთან შეთანხმებით, ღონისძიების ყველა კომპონენტის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა უნდა უზრუნველყოს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქუთაისის სალონური ცხოვრების ამსახველი ფოტოზონა, ასევე გამოფენა  "ძველი ქუთაისი“. 

ქალაქის ცენტრალური ნაწილი მოირთვება გვირილიანი ალმებით, ასევე  განთავსდება დახლ-ველოსიპედი ტენტით გვირილებისთვის, ფოტოჯიხურები, გვირილებით გაფორმებული სკამ-საქანელა, გვირილების, ყვავილებისა და წიგნის ინსტალაცია.

ამასთან, ასსაფეხურიანი კიბეების დასაწყისში (სადგურის მოედნის მხრიდან) დამონტაჟდება შესასვლელი თაღი, წარწერით „ქუთაისობა“.

ქალაქში განთავსდება მეწარმეების დახლები, სადაც განლაგდება ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და სამკაულები. მოეწყობა მცირე ზომის დახლ/ჯიხურები კვების ობიექტებისთვის და საბავშვო კუთხე. იქნება საპნის ბუშტების პერფორმანსი, დღის ბოლოს კი გაიმართება გალაკონცერტი, რომლის შემდგომაც DJ დაუკრავს.

ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

Print