ახალი ამბები
იმერეთში, ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებით დაკავებულს16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
FaceBook
სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულ ქალს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ქალმა 37 წლის მეუღლე ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად მოკლა.

შემთხვევა სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ სახლში მოხდა, სადაც წყვილი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი კამათი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა.

მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ მეზობლები. არსებული ინფორმაციით კი, დაკავებული ქალი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ მეუღლემ მის არასრულწლოვან შვილთან, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, გარყვნილი ქმედების ჩადენა სცადა, რასაც ახალგაზრდა ქალი შეესწრო და ქმარი ამ მოტივით, ცივი იარაღით, მოკლა.

დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„დანაშაული მომხდარია ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე. მეტს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩასატარებელია საგამოძიებო მოქმედებები“,- განმარტავს იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძე.

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით ცოლი დააკავეს

სამტრედიაში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცოლმა მოკლა

Print