ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ქუთაისში სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებს შეხვდა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რის გამოც სასწავლებლის პირველ კორპუსში ლექციები არ ჩატარებულა.
"დილით უნივერსიტეტში რომ მოვედით, გვითხრეს, რომ ლექციები გაუქმდა. პირველ კორპუსში წინა ორი კარი ჩაკეტეს და დაცვამ არ შეგვიშვა. ხალხი უკანა მხრიდან მესამე კარიდან შედის, ჩვენ იქაც არ გვიშვებენ. უკანა ეზოში მხოლოდ ჭიშკრიდან გასვლის უფლებას თუ მოგვცემენ, დიდხანს უკანა ეზოშიც არ გვაჩერებენ,"- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით თეკლა სვანიძე.

შეხვედრა კურსდამთავრებულთა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ეხებოდა. ღონისძიება სპეციალურად რეგიონალური სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის მოეწყო, რის გამოც  სტუდენტები ბათუმის, გორის, თელავის, ზუგდიდის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ჩამოიყვანეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ წერეთლისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტები. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბრისთვის ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა განხორციელდეს, 3000 კურსდამთავრებულს საშუალება მიეცემა სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიაროს. 

''პროგრამა საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. გვექნება დაახლოებით 4-თვიანი სტაჟირების პროგრამა. ვითანამშრომლებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და კერძო სექტორთან, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები აქაც დასაქმდნენ. პროგრამის ამოცანაა კურსდამთავრებულებს გავუადვილოთ დასაქმება. იმისთვის, რომ ეს პროგრამა დავხვეწოთ, თქვენი მოსაზრებებიც უნდა მოვისმინოთ,'' - მიმართა ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს, რის შემდეგაც შეხვედრა მედიისთვის დაიხურა. 

სტუდენტებმა დახურულ შეხვედრაზე პროგრამის შესახებ ვრცლად მოისმინეს და პრემიერ-მინისტრს კითხვები დაუსვეს. 

ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარიც. 

''განათლების მინისტრმა და პრემიერმა წარმოგვიდგინეს თავიანთი კონცეფცია ამ პროგრამის შესახებ. ჩვენც გვქონდა კითხვები. ამ პროგრამით დავინტერესდი და მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ,,''-ამბობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი კესო სახიაშვილი. 

კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შექმნის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ ისაუბრა.
Print