ახალი ამბები
''ბანკებმა ქვეყანა გაძარცვეს'' - საპროტესტო აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ''საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთ ფილიალთან ბანკების მიერ დაზარალებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა და საქართველოში არსებული საბანკო პოლიტიკა გააპროტესტა. 
ქალაქის ცენტრში მდებარე  ფილიალთან ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც სესხები ქონების უზრუნველყოფით აიღეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ვალის დაფარვა ვეღარ შეძლეს და სახლები დაკარგეს. 

''ხალხს ისედაც დიდი თანხა აქვს გადახდილი. ბანკებმა მთელი ქვეყანა გაძარცვეს. ჯერ პროცენტი ხომ საშინლად ძვირია. მერე არ ითვალისწინებენ ფორსმაჟორს, არც სამსახურის დაკარგვას. პანდემიაც კი გამოიყენეს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის სახლები წაერთმიათ. საზოგადოებას ვალები უნდა ჩამოაწერონ და სახელმწიფო ბანკი უნდა შეიქმნას,'' - ამბობს აქციის ერთ-ერთი  წევრი მამისა ჯაფარაშვილი.

იგი საბანკო პოლიტიკის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შორის ერთ-ერთია. 15 წლის წინ მამისამ 28 ათასი დოლარის ღირებულების სესხი აიღო და გარანტიად ხაშურში მდებარე სახლი ჩადო. ოჯახი ყოველთვიურად 1400 დოლარს იხდიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დავალიანება დაუგროვდათ და აღსრულების პოლიციამ იძულებითი აღსრულების საფუძველზე გამოსახლათ. 

აღსანიშნავია, რომ მამისასა და მისი ოჯახის მიერ ბანკში შეტანილმა თანხამ გამოტანილ თანხაზე ბევრად მეტი - 66 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს ვალის დასაფარად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. 

'' წარმოგიდგენიათ? 28 ათასის სანაცვლოდ 66 ათასი შევიტანე და ვალი სრულად კიდევ ვერ დავფარე. აი ასეთი თაღლითური პირობები აქვთ ბანკებს. ბოლოს პრინციპულად აღარ გადავიხადე,''-ამბობს მამისა ჯაფარაშვილი. 

საპროტესტო აქცია, რომელიც  მოძრაობის ''ხმა ერისა გზა ხნისა'' ორგანიზებით მოეწყო, ქუთაისის შემდეგ 9 აპრილს ზუგდიდშიც გაიმართება. 

კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს 632,9 მლნ ლარის ღირებულების ქონება აქვთ მისაკუთრებული.

აქედან ყველაზე მეტი ღირებულების ქონება თიბისი ბანკმა დაისაკუთრა - 276 557 635 ლარი.
Print