ახალი ამბები
ჭიათურაში დააკავეს კაცი, რომელიც მეწარმეს ფულს სძალავდა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

''ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ შ.გ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. 

დაკავებული წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს. 

დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print